თბილისის საკრებულო

თემურ გრიგალაშვილი: საკრებულოში სკამებისათვის ბრძოლის მეორე ტალღა დაიწყო

timer.ge

თბილისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას უმცირესობის წევრები არ დაესწრებიან. ნაციონალური მოძრაობა დღის წესრიგში შეტანილ იმ საკითხს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შემცირება იგეგმება. როგორც უმცირესობის წევრმა ქეთევან ქოჩორაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკრებულოს ახალშექმნილი უმრავლესობა აგრძელებს თანამდებობისა და სკამებისათვის ბრძოლას.

"მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფანკლუბისა და მათი ახლობლების რაც შეიძლება სასწრაფო წესით დასაქმება, რომ არას დაგიდევენ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც უწყებებმა არჩევნების პერიოდში თავი უნდა შეიკავონ რეორგანიზაციის გამოცხადებისა და თანამშრომელთა გათავისუფლებისაგან. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი აღმოჩნდება სამსახურის გარეშე და ეს ხდება მაშინ, როდესაც საკრებულოს ახლა თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი შიხიაშვილს ჰყავს ხუთი თანაშემწე და მაშინ, როდესაც საკრებულოს აპარატმა შეიძინა ძვირადღირებული ჯიპები თანამდებობის პირებისთვის", - განაცხადა ქოჩორაშვილმა. უმცირესობამ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისაგან, რომლითაც შრომითი უფლებები დაირღვევა.

გარდა ამისა, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ გრიგალაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც უკანონოდ გაათავისუფლებენ, სასამართლოს მიმართონ. მისი თქმით, თითოეულ ასეთ ადამიანს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა გვერდით დაუდგება.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ათეული ადამიანის გათავისუფლებაზე. ვიტყოდი, რომ ეს არის სკამებისათვის ბრძოლის მეორე ტალღა. პირველ ეტაპზე მათ დაიკავეს თანამდებობები და უმრავლესობის 25-ვე წევრი არის თანამდებობის პირი, ახლა დაიწყო მეორე ეტაპი - აპარატის დონეზე საკუთარი ახლობლების დასაქმება. გათავისუფლება ხდება პოლიტიკური ნიშნით, რაც ყოვლად მიუღებელია. კიდევ ერთხელ შევახსენებ უმრავლესობას, რომ ჩვენი მოვალეობაა მოსახლეობაზე ზრუნვა და არა პრობლემების შექმნა და ადამიანების უმუშევრად დატოვება. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ გაათავისუფლებენ, მიმართონ სასამართლოს და ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს გვერდში დავუდგებით და ვიბრძოლებთ მათი უფლებების დაცვისათვის", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ გრიგალაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ უახლოეს სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. 

კომენტარები