თბილისის საკრებულო

საკრებულოს აპარატი 13 ერთეულით შემცირდა

timer.ge

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს აპარატი 13 ერთეულით შემცირდა. გადაწყვეტილება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, უმრავლესობის წევრებმა ერთხმად, 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. სხდომას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო.

საკითხი განსახილველად საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა გაიტანა. ამ გადაწყვეტილებით ცვლილება შევა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბერის დადგენილებაში. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფიცხელაურს მიმართა, დაესაბუთებინა - რატომ უნდა შემცირდეს საკრებულოს საშტატო ერთეული 13-ით. საკრებულოს აპარატის უფროსმა აღნიშნულის მიზეზად დაასახელა საკრებულოში განყოფილებების შერწყმა, ასევე ითქვა, რომ ზოგიერთი პირი გაფორმებული იყო საკრებულოში და სხვაგან მუშაობდა, ასევე, გამოვლინდა არაკვალიფიციურობის შემთხვევები.

სხდომაზე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 18-20 000 ლარი ჰქონდათ მიღებული იმ პირებს, რომლებიც გაფორმებული იყვნენ საკრებულოში და სამსახურში არ დადიოდნენ. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა მოსთხოვა საკრებულოს აპარატის უფროს გიორგი ფიცხელაურს, საზოგადოებას გააცნოს, თუ რამდენი თანამშრომელი გაათავისუფლა 2010 წელს უშუალოდ მამუკა ახვლედიანმა. ფიცხელაურის ინფორმაციით, 2010 წელს 50-დან 60-მდე ადამიანი გათავისუფლდა.

"მატყუარა და ფლიდი დამოკიდებულებით ცდილობენ ნაციონალები საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ასეთი სიტუაცია საკრებულოში დასრულდა. ყველა გადაწყვეტილება ფართო განხილვის შემდეგ მიიღება", - აღნიშნა შიხიაშვილმა. 

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის მამუკა ახვლედიანის განცხადებით კი, საკრებულოში აპარატის თანამშრომლების რაოდენობის შემცირება პოლიტიკური ნიშნით ხდება. ახვლედიანის თქმით, თითოეულ ასეთ შემთხვევას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საკრებულოში რეორგანიზაციის დაწყებამდე 223 საშტატო ერთეული იყო, რეორგანიზაციის შემდეგ კი, 210 საშტატო ერთეული დარჩება.

კომენტარები