არჩევნები ავღანეთში

ავღანეთში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოკლეს

ამერიკის ხმა

ავღანეთში დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოკლეს. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ამანულა ამანს ორი შეიარაღებული პირი თავს კუნდუზის პროვინციაში დაესხა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამანულა ამანმა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე როიტერთან ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს საფრთხეს უქმნიდა.

ავღანეთში 2014 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების რეგისტრაცია ორშაბათს დაიწყო. საარჩევნო კომისიისთვის ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების სურვილით არავის მიუმართავს.

თალიბანის ლიდერმა მოლა ომარმა აგვისტოში ავღანელ ხალხს მიმართა და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. დაჯგუფება ბრძოლას ქვეყნიდან უცხოური ჯარების გასვლის დასრულებამდე გააგრძელებს. ჯარების დიდი ნაწილი ავღანეთს მომავალი წლის დასასრულისთვის დატოვებს.

კომენტარები