რუსი დიპლომატის მკვლელობა

მთავარი პროკურატურა: რუსეთს ლაკაევის ექსტრადიციის მოთხოვნა არ გამოუგზავნია

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურა რუსი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იუსუფ ლაკაევის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, ლაკაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროკურატურაში რუსეთიდან არანაირი დოკუმენტი არ შესულა.

რუსული გამოცემა იზვესტიას ცნობით კი, საქართველოს გენერალური პროკურატურა მზად არის განიხილოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა - რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევის ექსტრადირების თაობაზე. გამოცემა წერს, რომ ლაკაევის ნათესავები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, პირი, რომელიც ეჭვმიტანილია 2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში, რუსი დიპლომატის მკვლელობაში, ქართველი სამართალდამცავების მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული იუსუფ ლაკაევია. დე ფაქტო აფხაზეთის სამართალდამცავთა ინფორმაციით, ლაკაევმა 9 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა სოხუმში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი დიმიტი ვეშერნევი. აფხაზი პოლიციელების ინფორმაციით, ლაკაევმა საქართველოში გადასვლა მოახერხა, საიდანაც თურქეთში გადასვლას გეგმავდა, თუმცა, ის ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

საქართველოს შინაგანა საქმეთა სამინისტრომ 13 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1993 წელს დაბადებული ფირუზ წულუკიძე, ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში რუსეთის მოქალაქეს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ასევე ბათუმში დროებით მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული თემურ ბახუნტარაძე უწევდა. შსს-ს ინფორმაციით, იმავე დღეს, დაახლოებით 23: 00 საათზე, ქალაქ ბათუმში, ალ. პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა იმ დროისთვის დაუდგენელი პირი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვეს, აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა. შედეგად დაიჭრნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი.დ და მოქალაქე ე.ხ; პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით, თავდამსხმელი დაიჭრა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელიც და მისი თანხმლები პირები - ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე ადგილზევე დააკავეს. თავდამსხმელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოში არალეგალურად მყოფი, 1988 წელს დაბადებული იუსუფ ლაკაევი აღმოჩნდა.

 

კომენტარები