ოლეგ მელნიკოვი

გოგა ონიანი: ოლეგ მელნიკოვი უკანონო პატიმარია

timer.ge

შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარია. როგორც ონიანმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებასთან, მელნიკოვის მონახულების შემდეგ თქვა, საქართველოში ექსტრადირებიდან 48-საათიან ვადაში პროკურატურას სასასამართლოსთვის შუამდგომლობით უნდა მიემართა, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, ადვოკატის შეფასებით, თითოეული საათი, რომელსაც მელნიკოვი ე.წ. მატროსოვის ციხეში ატარებს, უკანონოა.

"ექსტრადირება მოხდა ორი დღის წინ, უკვე 48 საათი გავიდა და აღკვეთის ღონისძიება სასამართლოში არ დადასტურებულა. ეს გათვალისწინებულია 206-ე მუხლის მე-10 პუნქტით. პროკურატურა, მიუხედავად ამ ვალდებულებისა, შუამდგომლობით არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მელნიკოვი უკანონო პატიმარია", - განმარტა გოგა ონიანმა. მელნიკოვის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განცხადებაც შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, მელნიკოვს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ. ადვოკატები სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან რეაგირებას ითხოვენ. ისინი შესაბამისი განცხადებით სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც აპირებენ.

ამასთან, გოგა ონიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც, რეგულარული სამედიცინო შემოწმება უტარდება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალმა მელნიკოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დასკვნა უნდა დადოს.

ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია 21 სექტემბერს განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილი ოლეგ მელნიკოვის უკრაინაში დაკავებიდან 10 თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით. რამდენიმესაფეხურიანი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
გარდა ამისა, 2013 წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

კომენტარები