ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

პრემიერი: თუ ვინმე კოალიციას დატოვებს, პოლიტიკურად თავად დაზარალდება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ვინმე კოალიცია ქართულ ოცნებას დატოვებს, პოლიტიკურად თავადვე დაზარალდება. როგორც ივანიშვილმა ექსპერტებთან დღევანდელი შეხვედრისას აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ კოალიცია აუცილებლად დაიშლება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური გაერთიანება მომდევნო არჩევნებამდე მივა.

"თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ქართული ოცნება დატოვოს, თვითონ დაზარალდება პოლიტიკურად. რატომ არ წავლენ? ელემენტარული მიზეზით - სად უნდა წავიდნენ? ვისთან უნდა წავიდნენ. არსადაც არ წავლენ, გარწმუნებთ, და კოალიცია იქნება უფრო შეკრული, უფრო მყარი. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება მთავრობასთან. მთავრობა და მომავალი პრემიერიც იქნება უფრო ეფექტიანი, ვიდრე მე ვარ დღეს. იგივე დაემართება პარლამენტს. რამდენიმე კაცი შეიძლება გადახტეს და ნახავს, რასაც მიიღებს ამ გადახტომით. ვერაფერსაც ვერ მიიღებს. არ ჩანს პერსპექტივა, სად უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ. შესაბამისად, არც არაფერი მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია შემდეგ არჩევნებამდე მივა და ერთი პარტიაც რომ გამოეყოს, არავითარი ქაოსი არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, გადატანილმა გაჭირვებამ ხალხი გამოაფხიზლა და მისი პრემიერად "ზედმეტი ყოფნა" მათ მოადუნებს.

"იმ გაჭირვებამ, რაც ჩვენ გადავიტანეთ, გამოგვაფხიზლა და გვასწავლა, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ შეიძლება საშინლად დააზარალოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ეს მუხტი დღეს არსებობს. ჩემი დარჩენით ეს მუხტი ჩაქრება და დაკნინდება - მოვიდა და აცადეთო. არავის არ უნდა ვაცადოთ, ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივი კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები