ბიზნესფორუმი

შვედეთის ელჩი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო სწრაფად ვითარდებოდა

საქართველოში შვედეთის დღეების ფარგლებში საქართველო-შვედეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ შვედეთის ელჩმა დიანა იანსემ საელჩოში შეკრებილ ჟურნალისტებს გააცნო. მისი თქმით, ბიზნესფორუმის მიზანია, შვედურ კომპანიებს დაეხმაროს, დააარსონ ან გააფართოონ ბიზნესი საქართველოში. 

"ჩვენ გვინდა, საქართველოს შვედეთი, როგორც ინოვაციური და კონკურენტული ბიზნესპარტნიორი, ისე გავაცნოთ. გარდა ამისა, გვსურს წარმოვაჩინოთ საქართველოს ბაზრის პოტენციალი და საინტერესო ბიზნესსექტორები. ფორუმის განმავლობაში შვედურ და ქართულ ორგანიზაციებს კონტაქტების დამყარების კარგი შესაძლებლობები მიეცემათ. ეს შვედეთის დღეების საერთო მიზანს ეხმიანება, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გამყარებას გულისხმობს", - განაცხადა ელჩმა.

ელჩის შეფასებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო სწრაფად ვითარდებოდა და ყალიბდებოდა, როგორც თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო. ამის მაგალითებად ელჩს კორუფციის დამარცხება და ბიზნესის წარმოების გაადვილება და ამ სფეროებში საერთაშორისო კვლევებში მიღწეული წარმატებები მოჰყავს. იმ ფაქტს, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, დიანა იანსე ისტორიულ მოვლენას უწოდებს. 

ბიზნესფორუმისთვის მომზადებულ ბროშურაში აღნიშნულია, რომ ახალი მთავრობა ევროპასთან დაახლოების კურსს განაგრძობს. ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და მომავალში, ვაჭრობის სფეროში ფართო და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ამოქმედება, საქართველოს ბიზნესებისთვის უფრო ნათელი და პროგნოზირებადი წესების ამოქმედებას და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესფორუმში მონაწილეობას შვედეთის მხრიდან 8 კომპანია მიიღებს. კომპანიების ინტერესის სფეროები და ექსპერტიზა მრავალფეროვანია - მათ შორის, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და საკვების წარმოება, საბავშვო სათამაშო მოედნების წარმოება, მედიცინა, სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, საზღვაო და სამრეწველო დანიშნულების ელექტროძრავების წარმოება.

ბიზნესფორუმის პარტნიორია ჯეოსელი, რომელიც შვედური სატელეკომუნიკაციო ჯგუფის, თელიასონერას წევრი კომპანიაა. 

ბიზნესფორუმი საქართველოში შვედეთის საელჩოსა და Business Sweden-ის - შვედეთის სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით, ხვალ გაიმართება. 

კომენტარები