ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გამოძიება

ღარიბაშვილი: ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე გახსნილია. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, აღნიშნული საქმე შსს-მ ერთი თვის წინ გახსნა. 

"ამ საკითხზე ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს გაიმართება", - დასძინა ღარიბაშვილმა.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით კი, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისივე განმარტებით, საქმე დიდი ხნის გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდებოდა. ნინო გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე ე.წ ჯიჰადის ვიდეოებზე განცხადებას გააკეთებდა, სჯობდა, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ინფორმაცია კოლეგა მინისტრთან გადაემოწმებინა. 

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას, სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ შსს-მ ამ დრომდე ვერ გამოიძია ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოების დამზადებისა და გავრცელების ამბავი. მისივე თქმით, ამ ამბის გამოძიება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ალასანიამ აღნიშნა, რომ თუ "პროგრესი არ იქნა მიღწეული გამოძიებაში, რომელსაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", გამოძიებაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება თავისი საერთაშორისო და სადაზვერვო რესურსით. 

ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოები Youtube-ზე 2013 წლის 6 ივნისს გავრცელდა. ვიდეორგოლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს ემუქრებოდნენ. 

კომენტარები