ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გამოძიება

ათი მიზეზი, თუ რატომ არ სჯერა შოთა უტიაშვილს ჯიჰადის ვიდეოების გამოძიების

შოთა უტიაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ის ათი მიზეზი, თუ რატომ მიიჩნევს არადამაჯერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიას ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმესთან დაკავშირებით.

შოთა უტიაშვილის მოსაზრებას ტაბულა უცვლელად გთვაზობთ:

1. შსს-მ განაცხადა, რომ გამოიძია ჯიჰადის ვიდეოების საქმე და დაასკვნა, რომ ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ატვირთული. ამავე დროს, მათივე განცხადებით, გამოძიების შედეგების შესახებ შეირაღებული ძალები არ იყო ინფორმირებული იმიტომ, რომ ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ კონტიგენტს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, ანუ ვიდეოს გავრცელებასა და იმავე დღეს შვიდი ქართველი სამხედროს აფეთქებას შორის, კავშირი არ არსებობს.

მაინტერესებს, რა ლოგიკით გამომდინარეობს პირველი განცხადებიდან მეორე.

შსს-ში არსებობს უცვლელი წესი: როდესაც არის თუნდაც სრულიად არადამაჯერებელი ინფორმაცია შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, მაგალითად 10 წლის ბავშვი რეკავს ტელევიზიაში და ამბობს, რომ იქ ბომბი დევს, თუნდაც ეს მეათედ ხდებოდეს, სამინისტრო ვალდებულია სრულიად სერიოზულად მოეპყრას ამ მუქარას, რაც ხდებოდა კიდეც ბოლო კვირების განმავლობაში.

ჯიჰადის ვიდეოების შემთხვევაში კი სამინისტრო აცხადებს, კი შეიძლება რუსული სპეცსამსახურების კვალი გამოიკვეთოს, მაგრამ ქართული კონტიგენტის წინააღმდეგ საფრთხე გამორიცხულია, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო არცკი გავაფრთხილეთო.

თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილება გამოძიების შედეგების შესახებ შესაძლოა არ გამხდარიყო საჭირო მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად იცი, ვინ დაამზადა და ატვირთა ვიდეო, ზუსტად იცი, რომ ვიდეოსა და აფეთქებას შორის კავშირი არ არსებობს და ზუსტად იცი, რომ ვინც ვიდეო ერთხელ ატვირთა, მეორედ ამას აღარ გააკეთებს. ეს კი სრულიად გამორიცხავს ოფიციალური ვერსიის სიმართლეს.

2. ბატონმა ღარიბაშვილმა ისე გაავრცელა ინფორმაცია საქმის გახსნის შესახებ, რომ არ წარმოუდგენია არც ერთი მოწმე და არც ერთი მტკიცებულება. ამხელა მნიშვნელობის საქმეზე ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს ყველა სტანდარტის დარღვევაა, არ ყოფილა განმარტებული არც დანაშაულის მოტივი.

3. ეჭვს იწვევს საქმის გასაჯაროების თარიღი. სამინისტროს ვერსია, რომ მათ ეს საქმე ერთი თვის წინ გახსნეს, სასამართლომ კი გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ გამოიტანა და მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს, დამატებით განმარტებებს მოითხოვს.

4. წინა ხელისუფლების დროს, ასეთი საქმე გახსნილად არ გამოცხადდებოდა, სანამ იარსებებდა ჩოკუტაევის დაკავების შანსი. პრეს-კონფერენციის შემდეგ, ამის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ჯერ ერთი, აფხაზეთში კაცის დაჭერა სულაც არ იქნებოდა შეუძლებელი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამას აუცილებლობის შემთხვევებში აკეთებდა წინა ხელისუფლება, არსებობდა სხვა გზაც. ეს ჩოკუტაევი, როგორც ჩანს, "ენჯეოშნიკია" და სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებს ხშირად სტუმრობს. რატომ არ შეიძლებოდა მისი მიწვევა რამე კონფერენციაზე მეგობრულ მესამე ქვეყანაში, მისი იქ დაკავება და შემდეგ საქართველოში ექსტრადირება? ნუთუ ალასანიას ბრალდებაზე პასუხის გაცემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ შანსის ხელიდან გაშვება?

5. კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო ქართველების მიერაა დამზადებული, იმ ადამიანების მიერ, ვინც იცის რას ნიშნავს სამების კათედრალი, ხახულის ხატი, რას ნიშნავს ღვინო და ბორჯომი და რა ემოციებს იწვევს პოლიციის მიერ მიტინგების დაშლისა თუ დაბომბილი გორის კადრები. დარწმუნებული ვარ, ჩოკუტაევმა ეს არ იცის, ისევე როგორც არ იცის ქართული ენა. ბოლოს და ბოლოს, კაცი თუ აფხაზეთში ტვირთავდა ვიდეოს, აფხაზეთის ომის ერთი კადრი მაინც შეეტანა. ვიდეოში შეტანილია მხოლოდ ის კადრები, რომლებსაც ძველი ოპოზიცია კლიშეებად იყენებდა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ.

6. თუ ეს ვიდეო მართლაც "იმ ძალების მიერაა დამზადებული, რომლებსაც სურთ ხელი შეუშალონ საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას", როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, იმ მიზნით, რომ ქვეყანაში შიში და დაძაბულობა გამოიწვიონ, მაშინ რატომ მოხდა მისი ატვირთვა თბილისში და არა ქაბულში, ისლამაბადში ან გროზნოში, ან სულაც იგივე მალაიზიაში? ამ შემთხვევაში ხომ მუქარა ბევრად უფრო რეალურად აღიქმებოდა?

7. თუ ესაუბრა ვინმე ყირგიზეთის მთავრობას ჩოკუტაევის შესახებ? ყირგიზეთის შსს-ს განცხადება მოწმობს, რომ - არა. არადა, უამრავი ყირგიზი სამართალდამცავი გვყავს დატრენინგებული როგორც შსს-ში, ისე იუსტიციის სამინისტროში და მათთან კონტაქტის დამყარება უმარტივესი იქნებოდა. სულ რომ არაფერი, ჯობდა მათ ამ ამბის შესახებ ქართველი ოფიციალური პირებისგან გაეგოთ, ვიდრე ტელევიზიიდან.

8. თუ ელაპარაკა ვინმე იაპონიის მთავრობას და აუხსნა, რა სიბრიყვეს, ან კიდევ უარესი, დანაშაულს ჩადიოდნენ ისინი, როდესაც ტერორისტ ჩოკუტაევს აფინანსებდნენ? იაპონია ჩვენს მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ქვეყნაა და ამ ადამიანზე ინფორმაციის მოცემაზე უარს არ გვეტყოდნენ. როგორც ჩანს, ამ მხრივაც თავი არავის შეუწუხებია.

9. შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩოკუტაევი ატრენინგებდა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს. შსს-თან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ეს მიუთითებს ჩოკუტაევის ჯიჰადთან შესაძლო კავშირზე. ამ ინფორმაციის ტირაჟირება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი აზრის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქართველოდან ატვირთულ ვიდეოებში ავღანური კვალის ძებნა უკიდურესი სიბრიყვეა.

10. შსს-ის მთავარი და ერთადერთი არგუმენტები ამ საქმეში ამერიკელების მონაწილეობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობაზე მითითებაა. თუმცა, თავად ამერიკელებისგან არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად ჯერ არაფერი მოგვისმენია, არც იმაზე, თუ რა დოზით იყვნენ ჩართული ისინი გამოძიებაში და არც იმაზე, რამდენად იზიარებენ ისინი ოფიციალურ ვერსიას. თუ ამერიკელებს ამ საქმეზე რამის თქმა სურთ, დარწმუნებული ვარ, ამას როგორმე მოახერხებენ.

კომენტარები