საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილი: 27 ოქტომბერს დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დიდი გზაა გასავლელი იმისთვის, რომ საქართველო განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგში ჩადგეს. ამის შესახებ ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვების ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას თქვა. მისივე განცხადებით, ახლა მოდუნების დრო არ არის. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფლების პროცესშიც უნდა გამყარდეს და შენარჩუნდეს მიღწეული შედეგი. პრემიერის თქმით, ამისთვის საქართველოს ეყოლება ტიპურად ევროპელი პრეზიდენტი და ეს იქნება გიორგი მარგველაშვილი.

"არ დაიზაროთ, როგორც ადრე გარწმუნებდით, ისე გარწმუნებთ დღეს, რომ მივიდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ 27 ოქტომბერს. დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ საეჭვო არაფერი დარჩეს და კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს. საქართველოში შეიქმნება პრეცედენტი, რომ ჩატარდება არა ევროპული ტიპის, არამედ ევროპული არჩევნები. გადადეთ ყველაფერი და მოდით 27 ოქტომბერს. ასეთი პრეზიდენტის პირობებში, როგორიც გიორგი მარგველაშვილია, გარწმუნებთ, საქართველო იქნება ბედნიერი. ნუ ელოდებით ზეკაცს. საოცრებებს ნუ ელოდებით. ყველაფერი აქვს ამ კაცს, რაც სჭირდება განვითარებულ ევროპელ ერს. ის, რომ ვიღაცები პიჯაკებს იხევენ, შარვლებიდან ხტებიან და გვაჩვენებენ, რომ ისინი არიან მაგრები, ეს დრო წავიდა", - განაცხადა ივანიშვილმა. 

ახალგაზრდებთან პრემიერის შეხვედრას ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. მან ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სხვების მსგავსად, მასაც არ სჯეროდა, რომ წინა მთავრობას უსისხლოდ გაუშვებდნენ.

"ბიძინა ივანიშვილმა შეძლო განსაკუთრებულზე დაემყარებინა ჩვენი ერთობა. ეს განსაკუთრებული არის ალბათ ის თავისუფლების განცდა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რომელიც თითოეულ ადამიანში ღვივოდა და მან ეს დაინახა", - დასძინა მარგველაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ერთი წლისთავთან დაკავშირებით, კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მსვლელობა გამართეს. ისინი ლესელიძის ქუჩით კოალიციის სათავო ოფისისთან მივიდნენ, სადაც პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.

კომენტარები