ეკონომიკური ზრდა

მსოფლიო ბანკი: მცირდება ეკონომიკა, იზრდება სიღარიბე და უმუშევრობა

web.worldbank.org

მსოფლიო ბანკი ეთანხმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებას, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და მთავრობის ნათელი ეკონომიკური ხედვა აუცილებელია იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიაში ანჟელა პრიგოჟინამ უახლესი კვლევის - მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში - პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, რაც ზრდის სიღარიბეს და უმუშევრობას. ეკონომიკის შესუსტება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს რეფორმების ახალი ტალღა", - განაცხადა პრიგოჟინამ. მისი თქმით, რეგულაციების გამარტივება სასარგებლოა, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემო უზრუნველყოს. "ნამდვილი ქართული ოცნება უნდა იყოს ის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ქვეყანას ბევრი წარმატებული მეწარმე ჰყავდეს", - აღნიშნა პრიგოჟინამ.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა კიდევ უფრო მეტად აღრმავებს მთავარ პრობლემას, რომელიც ხელს უშლის საქართველოში მეწარმეობის განვითარებას, რაც, კვლევის მიხედვით, ფინანსებზე წვდომაა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის შეფერხება ზრდის უმუშევრობასაც, ამასთან, პრიგოჟინას თქმით, საგულისხმოა, რომ განსაკუთრებით იზრდება უმუშევრობა ახალგაზრდებში. "ახალგაზრდები ის ძალაა, ვისაც შესწევს ინოვაციური ხედვის უნარი და ვისაც შეუძლია კონკურენტული პროდუქციის შექმნა", - განაცხადა პრიგოჟინამ.

როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შეფასება და იმის განსაზღვრა, თუ რა ამოძრავებს ეკონომიკურ ზრდას. პრიგოჟინას თქმით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თხოვნით, მსოფლიო ბანკი იწყებს კვლევას, თუ რა ტიპის პროდუქტები და სერვისები უნდა გამოიმუშავოს საქართველოს ეკონომიკამ მომავალში, რომ სამუშაო ადგილები შექმნას და სიღარიბე დაძლიოს. 

კომენტარები