დემოკრატიული მოძრაობა

დემოკრატიული მოძრაობა მერაბიშვილის განცხადებას ბოდვას უწოდებს

ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ბოდვას უწოდებს.

"როგორც 26 მაისს შემოდიოდა "გრუ"-ს სპეცნაზი საქართველოში და მერე რუსთაველის პროსპექტს ვეღარ მოაგნო, რადგან თურმე ვანო მერაბიშვილის სპეცდანიშნულების რაზმების შეშინებია, ზუსტად ისე აპირებს ახლა ნინო ბურჯანაძე იმავე სცენარის გამეორებას. ადამიანი ბოდვებშია, გასაგებია - ის ფსიქოლოგიურად სერიოზულ სტრესს განიცდის. მინდა, ვურჩიო მას - შეირგოს ციხეში კარგ პირობებში ყოფნა, რადგან არ აწამებენ, არ აუპატიურებენ და შეეგუოს აზრს, რომ იქ წლების გატარება მოუწევს. რამდენად სარწმუნოა იმ ადამიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ორი მინისტრის სკამს ერთდროულად იკავებდა და ვერ განსაზღვრა ის საფრთხეები, რაც შეიძლებოდა საქართველოს წინასწარ წაგებულ ომში ჩართვით დამართნოდა, საქართველოს მოსახლეობისთვის გასაგებია", - თქვა დემოკრატიული მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ.

ბაკურაძე ჯანდაცვის სამინისტროს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევასაც სთხოვს.

"თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, გამოიკვილოს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან მისი განცხადებები იძენს არაადეკვატურ ხასიათს. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, დღეს პატიმრებიც ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, როგორც თავისუფლებაზე მყოფი პირები", -  თქვა ბაკურაძემ.

დღეს ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა სურს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი არჩევნების გაყალბების საბაბით 28 ოქტომბერს დაიწყება.

"ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში. 

მერაბიშვილის თქმით, კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს, ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. 

"რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს, შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში - პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება", - აღნიშნავს მერაბიშვილი.

კომენტარები