ოლეგ მელნიკოვის საქმე

ოლეგ მელნიკოვის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

timer.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მელნიკოვის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული. პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრება.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად ე.წ. მოდულის შენობაში ორი პოლიციელის ცემა ედება. მასთან ერთად ბრალდებულია დათა ახალაიაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის საქმეზეც არის ბრალდებული, თუმცა, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ამ საქმეზე მელნიკოვს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს.

უკრაინიდან საქართველოში მელნიკოვის ექსტრადირება 21 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1966 წელს დაბადებული ოლეგ მელნიკოვი დააკავეს. მას ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაუყენეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

კომენტარები