ბოკერია ივანიშვილის განცხადებაზე

ბოკერია: მითი, რომელიც პრემიერს ნაღდი ფულის თაობაზე მიაწოდეს, სისულელეა

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტის შესახებ პასუხობს, სადაც კომიტეტი ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ ევროპარლამენტარებზე გავლენა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოახდინეს, რადგან "ჩვენს ფულს ჩვენი უმეცრობით იყენებდნენ და გარეთ დიდ პიარკომპანიებს და დიდ ლობისტებს ამუშავებდნენ". ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "სამსახური, რომელსაც ბოკერია მეთაურობდა, ძირითადად ამით იყო დაკავებული".

ბოკერიას თქმით, უშიშროების საბჭოს აპარატს კონსულტანტები დაქირავებული მართლაც ჰყავდა და ინფორმაციის ნაწილი ყოველთვის საჯარო იყო.

"უშიშროების საბჭოს აპარატს ახლა არანაირი კონსულტანტები არ გააჩნია. უკვე ერთი წელიწადი, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რა შუაშია ამ კონკრეტულ კომიტეტის გადაწყვეტილებასთან. რა თქმა უნდა, უშიშროების აპარატს მთელი ამ წლების განმავლობაში დაქირავებული ჰყავდა კონსულტანტები სხვადასხვა მიმართულებით. ნაწილი ამ ინფორმაციის იყო ყოველთვის საჯარო. ნაწილი ამ ინფორმაციის სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე იყო და არის არასაჯარო. ეს არის ის, რის შესახებაც ცნობილია", - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიამ ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილსაც უპასუხა, სადაც პრემიერი ამბობს - "ნუ იფიქრებს საზოგადოება, რომ სამართალიანობის აღდგენი პროცესი დასრულებულია. გრძელდება, პროკურატურაში უამრავი გამოძიებაა. მათ რიცხვში ის, რომ ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მილიონია ლობისტებზე გაცემული. და იქიდან 300 000-400 000 დოლარი ნაღდი ანგარიშით არის გაცემული ელჩებზე მათ რიცხვში. პასუხისგაცემა მოუწევთ მათ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას".

ბოკერიამ აღნიშნულ ბრალდებას მითი უწოდა - "რაც შეეხება ამ მითს, რომელიც არ ვიცი პრემიერმინისტრს ვინ მიაწოდა, ნაღდი ფულის თაობაზე, არის სრული სისულელე. უკვე დიდი ხანია, იმ რეფორმების შედეგად, რაც საქართველოში გატარდა, ამ ტიპის გადარიცხვა არის ელექტრონული და, ბუნებრივია, ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის", - თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა.

"ეს დოკუმენტი არის საქართველოსთვის შეშფოთების საფუძველი. იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ასახავს იმ განწყობას, იმ შეფასებებს, რაც მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტიტუტებში არსებობს საქართველოს ახალი მთავრობის კურსთან დაკავშირებით. ეს არის კურსი პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ოპონენტების დევნის.

პრემიერმინისტრს ამის თაობაზე არაერთხელ საჯაროდ განუცხადებია, მარტივად რომ შევამოკლოთ, ჟღერს ასე - "თუ გამაკრიტიკებთ, შემაწუხებთ პოლიტიკურად, მაშინ დაგიჭერთ. რაც უფრო მეტს შემაწუხებთ, უფრო მეტს დავიჭერ". ბევრჯერ გაკეთდა ეს განცხადება. ბუნებრივია, ამას საერთაშორისო თანამეგობრობა ამჩნევს და ეს არის პრობლემა, იმიტომ, რომ ასახავს რეალობას. პრობლემაა იმიტომ, რომ ეს იქცევა ბარიერად ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე", - თქვა ბოკერიამ.

 

კომენტარები