ფსიქოპროექტის კვლევა

დემოკრატიული მოძრაობა: ბიგვავას კომპანია 40-50% ცდომილებით აქვეყნებს შედეგებს

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე საუბრობს. ბაკურაძის თქმით, ზურაბ ბიგვავა და მისი კომპანია ფალსიფიცირებული კვლევებით ხალხის აზრზე მანიპულირებას კვლავ აგრძელებენ. 

"რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის 7%-ს, თუ მას არ უნახავს ბურჯანაძის დასკვნით შეხვედრებზე მოსული ხალხის რაოდენობა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და გუშინ თბილისში, სპორტის სასახლეში, ის იმ 7%-ს, მხოლოდ თელავში, დღეს საღამოს ნახავს", - თქვა ბაკურაძემ. 

ბაკურ ბაკურაძის თქმით, ბიგვავას კომპანია იმ კომპანიების რიგში ჩადგა, რომლებიც კვლევების დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე 40-50%-იანი ცდომილებით აქვეყნებენ შედეგებს. 

"სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის პროფესიონალი ქართველი საკუთარ ხალხს თვალებში ნაცარს აყრის, თუმცა, ეს ჩემი წუხილი მხოლოდ პიროვნული დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. რეალობა კი სხვა არის, რეალობაა ის, რომ ნინო ბურჯანაძე ყველა კანდიდატს შორის ერთადერთია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა უჭერს მხარს და ამას ყველა კვლევითი ორგანიზაცია 27 ოქტომბერს დაინახავს", - ამბობს ბურჯანაძის პიარსამსახურის უფროსი. 

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის, ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებულ კვლევაში გიორგი მარგველაშვილს 57.6% უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს - 11.8%, ნინო ბურჯანაძეს კი - 7.1%. 

კვლევა კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის დაკვეთით, 13-18 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის სტანდარტული მეთოდით გამოიკითხა 1607 ადამიანი. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი 3.5 %-ს შეადგენს. 

კომენტარები