არჩევნები 2013

ნადირაშვილი: ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა

news.ge

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, დავით ბაქრაძის განცხადებამ ყველას დაანახვა თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია. მისი თქმით, დღევანდელმა არჩევნებმა უნდა მისცეს მაგალითი მთავრობასაც, რომ ოპოზიციის დანიშვნა შეუძლებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გენერალური მდივანი ციხეშია და პარტიის 300-ზე მეტ აქტივისტზე და ყოფილ თანამდებობის პირზე საქმეა აღძრული, ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა. დავით ბაქრაძე არის საქართველოში ოპოზიციის ლიდერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვულოცავთ გამარჯვებულ კანდიდატს და ვისურვებდით, რომ ის ქვეყნის მართვას ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდოს, როგორც ჩვენ ჩვენს როლს ოპოზიციაში", – განუცხადა ჟურნალისტებს ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ის ოპოზიცია არ არის, რომელიც ყოველ წუთს დამხობაზე და გადაყენებაზე აკეთებს განცხადებებს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

დავით ბაქრაძემ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა წინასწარ მიულოცა იმის მიუხედავად, რომ მისივე თქმით, ეგზითპოლი არჩევნების შედეგების მხოლოდ წინასწარ შეფასებას აჩვენებს.

კომენტარები