ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

NAEC: ინფორმატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ფორმატს არღვევდა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ინფორმატიკაში აღარ ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია გაბუნიას განმარტებით, ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარება ფორმატს არღვევდა, რადგან ინფორმატიკა არ არის სავალდებულო საგანი. მისივე თქმით, აღნიშნული დისციპლინა სკოლებში პრაქტიკულად არ ისწავლება.

"ზოგადად, ჩვენ ვატარებთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა სკოლებში. ოლიმპიადა არის ღონისძიება, რომელიც ერთი მხრივ, ცხადია, საუკეთესოებს არჩევს ნაკრებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ორიენტირებულია სკოლებში სასწავლო პროცესის სტიმულირებაზე. შესაბამისად, პრიორიტეტია, რომ ოლიმპიადა ჩატარდეს იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოდ ისწავლება ყველა სკოლაში. რაც შეეხება ინფორმატიკას, ის არ არის სავალდებულო საგანი და გარდა ამისა, სკოლების უმეტესობაში პრაქტიკულად არ ისწავლება. ინფორმატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ბავშვები სპეციალური წრეებიდან და მოსამზადებელი სკოლებიდან. სკოლებთან ამ საგანს პრაქტიკულად არ აქვს კავშირი და შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისი, სადაც ბავშვები ამას სწავლობენ ანუ მთლიანად ირღვეოდა ეს ფორმატი" - აცხადებს გაბუნია ტაბულასთან საუბარში. მისივე თქმით, თავის დროზე ინფორმატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სკოლების სურვილის გამო დაიწყო.

"ჩვენ ამაზე წავედით იმიტომ, რომ გვქონდა კონსულტაციები სკოლებთან. მათ ნამდვილად ჰქონდათ სურვილი, რომ ჩატარებულიყო, მაგრამ რეალურად გამოვიდა ისე, რომ ოლიმპიადის ფორმატი დაირღვა. ინფორმატიკის ოლიმპიადა სკოლებთან ძირითად კავშირში არ არის. მოდიან ბავშვები, რომლებიც სპეციალურად ემზადებიან და არა სკოლებში. ძალიან ცოტა, 1-2 სკოლაა, სადაც ინფორმატიკას და პროგრამირებას ასწავლიან. როცა მათემატიკის ან ისტორიის ოლიმპიადაზეა საუბარი, ეს ყველა სკოლაში ისწავლება. შეიძლება, ზოგან უკეთესად, ზოგან ნაკლებად, მაგრამ ნამდვილად ყველგან ისწავლება. ინფორმატიკა კი, ერთეულ სკოლებში. ჩვენ ხომ ვიცით კონტიგენტი" - ამბობს მაია გაბუნია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმატიკის მიმართულებით ბავშვების მომზადება და მათი საერთაშორისო ოლიმპიადებზე გაგზავნა.

"რა თქმა უნდა, ეს მანამდეც ტარდებოდა, თვითონ ეს სპეციალური სკოლები ატარებდნენ და ბუნებრივია, რომ ამის შემდეგაც ჩაატარებენ. მაგრამ ფორმატის თვალსაზრისით, ეს აშკარად განსხვავებული გრაფა იყო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. ეს არ არის ის დისციპლინა, რომელიც სკოლებში სავალდებულოდ ისწავლება და ჩვენ შეგვიძლია, რომ სკოლებში მიღებული ცოდნა რამენაირად შევაფასოთ. თუმცა, ვიმეორებთ, აუცილებელია, რომ ჰქონდეთ ყველანაირი ხელშეწყობა სპეციალურ სკოლებს და წრეებს, რომლებიც აქამდეც ატარებდნენ და უშვებდნენ ბავშვებს ოლიმპიადებზე. ეს ბავშვები ნამდვილად უნიჭიერესები არიან, სჭირდებათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ხელშეწყობა და ამას ცხადია, მიიღებენ კიდეც, მაგრამ რეალურად, ეს ბავშვები სკოლებში არ სწავლობენ ამას. ისინი დადიან წრეებზე და ძალიან კარგ განათლებას იღებენ ამ კუთხით. ოლიმპიადაზე მათი გამოსვლის ინიციატორები სწორედ ეს სპეციალური წრეები და სასწავლო დაწესებულებები იყვნენ და ჩვენ არ ვატარებთ იმიტომ, რომ ფორმატს ცდება. უმჯობესი იქნება, იმ ხალხმა ჩაატაროს ოლიმპიადები, ვინც ამ მიმართულებით რეალურად აკეთებს საქმეს" - აღნიშნავს მაია გაბუნია.

ცნობისთვის, 2013-2014 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 ნოემბერს დაიწყება და მას სკოლები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით თავად ჩაატარებენ. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში. ასევე, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში.

 

კომენტარები