ინტერპოლით ძებნილი

ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი მონაცემები ინტერპოლის ვებგვერდზე უკვე განთავსდა. 

კეზერაშვილისა და ადეიშვილის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დაკავების და შემდგომი ექსტრადირების მიზნით ინტერპოლის წითელი ცირკულარები გამოიცა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ, 22.09.1978 წელს დაბადებულ დავით შოთას ძე კეზერაშვილსა და 27.07.1972 წელს დაბადებულ ზურაბ შალვას ძე ადეიშვილზე.

სამინისტროს განცხადებით, დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 25-144-ე პრიმა სამის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 25-145-ე მუხლით (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, დანაშაულის პროვოკაცია) და 25-369-ე პრიმა ერთის მე-3 ნაწილით (აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, მტკიცებულების ფალსიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 ცნობისთვის, დავით კეზერაშვილი საფრანგეთშია დაკავებული, ხოლო ზურაბ ადეიშვილი არაოფიციალური ინფორმაციით უნგრეთში იმყოფება.

კომენტარები