მინისტრობის კანდიდატები

ღარიბაშვილი: უმცირესობასთან მწვავე დებატებისთვის მომზადებული ვიყავი

პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობასთან მწვავე დებატებისთვის მომზადებული იყო. როგორც ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, უმცირესობასთან იმ განწყობით არ მისულა, რომ ასეთი მწავავე დებატები ჰქონოდა.

"თუმცა, ვაღიარებ, ეს იყო მოსალოდნელი და მინდა გითხრათ, რომ ამისთვის მომზადებული ვიყავი", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საპარლამენტო უმცირესობა რიტორიკას არ ცვლის.

"მე მინდა შეგახსენოთ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი და ჩვენი გრძელვადიანი გეგმაც ასეთი უნდა იყოს, რომ საზოგადოება არ დაიყოს ჩვენიანებად და სხვისიანებად. ბატონ ბიძინას სურდა საზოგადოების გამთლიანება და მან ეს შეძლო. მაგრამ ეს ადამიანები, ვგულისხმობ საპარლამენტო უმცირესობას, გვაჩვენებენ, რომ მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ პროცესში. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მოწოდებისა, ისინი გამხდარიყვნენ კონსტრუქციულები და ჯანსაღი ოპონირება გაეწიათ ჩვენთვის, სამწუხაროდ და საუბედუროდ, მათ ეს რიტორიკა არ შეიცვალეს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები