მინისტრობის კანდიდატები

ხიდაშელი: ჩემთვის შს მინისტრი ყველაზე დასამახსოვრებელი 8 თებერვალს იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის პერიოდში აჩვენა იმ ტიპის სტანდარტი, რაც საქართველოში ორი წლის წინ შეუძლებელი იყო. როგორც ხიდაშელმა მაესტროს ეთერში, ტოკშოუ არგუმენტებში თქვა, პოლიცია გახდა ისეთი, რომ ხალხს არ ასახიჩრებს და არ სცემს. მისი განცხადებით, ღარიბაშვილი ყველაზე დასამახსოვრებელი 2013 წლის რვა თებერვალს იყო, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკასთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები საპარლამენტო უმცირესობას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

"მაშინ ჩვენ ვნახეთ შს მინისტრი, რომელიც პირადად მივიდა მოვლენათა ეპიცენტრში. მან პირად პასუხისმგებლობად აიღო ეს საქმე, პირადად მივიდა ადგილზე და ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, რომლებიც არასდროს გვინახავს ასეთ დროს ასეთ ადგილებზე მოსულები. ისინი უკვე  დარბეულ რუსთაველზე მიდიოდნენ" - თქვა ხიდაშელმა და ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ 8 თებერვლის აქციის დროს, შს მინისტრი ეფექტიანი არ იყო, ნაციონალური მოძრაობის ჩვეულ ტონად შეაფასა.

"როცა ცხრა წლის განმავლობაში ცემ და აუპატიურებ, ხანდახან მოსახლეობა ისე იქცევა, როგორც მოიქცნენ. 8 თებერვალს არავინ დაუსახიჩრებიათ, არავისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. პრობლემა მოგვარდა. იმათმა კი, გაიხსენონ თავიანთი ცხრა წელი და სადმე რესტორანში რომ შევლენ და ვინმე უცენზუროდ მიმართავს, ამას უნდა შეეგუონ, თავი დახარონ, ბოდიში მოიხადონ და იქაურობა დატოვონ" - დასძინა დეპუტატმა.

უმრავლესობის წევრი სრულიად იზიარებს მომავალი პრემიერის განცხადებას, რომ მთავრობამ ყველა დაპირება შეასრულა.

"როდესაც არჩევნებში მონაწილეობ, შენ მხარდაჭერას ითხოვ ოთხი წლით და ყველა დაპირებას, რომელსაც გასცემ, აქვს ოთხწლიანი ვადა. შეუძლებელია, ყველაფრის ერთ წელში შესრულდება. შეუძლებელია, რომ დაიძინო და გაღვიძო ახალ საქართველოში, თუმცა, სადაც შესაძლებელი იყო გარღვევა, ყველგან მოხდა. მაგრამ ეკონომიკურ პროექტებს თავისი ვადები აქვთ. როცა გავა ოთხწლიანი ციკლი და დავითვლით შედეგებს, ნახავთ, რომ ჩვენი ყველა დაპირება შევასრულეთ" - ამბობს დეპუტატი. მისივე შეფასებით, არც ერთი მინისტრი არ იყო შესაცვლელი, რადგან მთავრობა კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანოა და თანაბრად იღებენ პასუხისმგებლობას. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე სამინისტროს მუშაობა უხარვეზო იყო.

"მნიშვნელოვანია, რომ გუნდი უცვლელია. ამ გუნდმა გასული ერთი წლის მანძილზე დაამტკიცა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის ერთგულია და სწორედ იმ პროგრამით მოქმედებს" - აცხადებს ხიდაშელი.

კომენტარები