ვიზიტორთა სტატისტიკა

შსს: წინა წლის ნოემბერთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 12.6%-ით გაიზარდა

ვიზიტორთა სტატისტიკა
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, საქართველოში 2013 წლის ნოემბერში 417 522 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12.6%-ით მეტია.

შსს-ს ცნობით. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის ინტერვალში, ქვეყანაში 4 973 632 ვიზიტი განხორციელდა, რაც 22.6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს და 12.3%-ით გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

  1. ტურისტი - 1 935 767 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%);
  2. ტრანზიტი - 1 094 159 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 55,6%);
  3. სხვა - 1 943 706 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,2%).

2013 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-16%), აზერბაიჯანიდან (+18,7%), სომხეთიდან (+37%), რუსეთიდან (+40,7%), უკრაინიდან (+44,6%) და ირანიდან (-3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერში კვლავ გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად - 75%, 32%, 25%, 20%, 17% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (40%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელის (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელარუსის მოქალაქეები 61%-იანი მატებით.

სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ, შსს ყურადღებას საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაზეც ამახვილებს, რაც მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 20 (შემოსვლა) და 20,4 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

კომენტარები