დავით ჩხატარაშვილის საქმე

ხუხაშვილი: ჩხატარაშვილმა დაადასტურა თუ როგორ იკერებოდა პოლიტიკური საქმეები

გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის დავით ჩხატარაშვილის დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი მთლიანად გამოძიების კომპეტენციაა. როგორც ხუხაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩხატარაშვილს მფარველობდა, სრული სისულელეა.

"რა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა. მე არჩევნებამდე მისი არსებობის შესახებაც არ ვიცოდი", - აღნიშნა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ კი, დავით ჩხატარაშვილისგან წინა ხელისუფლების ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ჩხატარაშვილმა დაადასტურა, თუ "როგორ იკერებოდა პოლიტიკური საქმეები და როგორ მიმდინარეობდა განუკითხაობის პროცესი". 

მისივე თქმით, საუბრისას ჩხატარაშვილი დამკვეთებს არ ასახელებდა, თუმცა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გასცა.

"ჩემი ამოცანა რაც მქონდა, ის ამოცანა შევასრულე. ის, რომ მე რაღაცაში ჩხატარაშვილი გამოვიყენე, ესეც აბსურდია. მე უბრალოდ მას მოვუსმინე. რისი თქმაც უნდოდა, ის თქვა, რისი თქმაც არ უნდოდა, ის არ თქვა. რა თქმა უნდა, ის ჩემთვის იყო საინტერესო. მე მივიღე დადასტურება, რაც ისედაც ვიცოდი, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო კრიმინალური და ჩხატარაშვილი იმ სისტემის მსახური. გარკვეულწილად, იგი იყო რეჟიმის მსხვერპლი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას პირველ მოადგილეს დავით ჩხატარაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. საქმე პატიმართა წამების ვიდეოკადრებთან არის დაკავშირებული. საქმეში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც ფიგურირებს.

კომენტარები