მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე

ახალგაზრდა ეკონომისტები: სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმი უნდა გაუქმდეს

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს სრულად გაუქმდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი, რომლის მიხედვითაც უცხოელები 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ვერ შეიძენენ.

მოგვიანებით, მთავრობამ ცვლილებებში შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ კომერციულ ბანკებზე და მთავრობის მიერ დადგენილ სპეციალურ შემთხვევებზე მორატორიუმი არ გავრცელდებოდა. თუმცა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ამ ნაბიჯს არასაკმარისად მიიჩნევს.

"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია მიესალმება აღნიშნულ კანონპროექტს და ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ემსახურება არსებული შეზღუდვის (მორატორიუმის) გაუვრცელებლობის არეალის გაზრდას.

მივიჩნევთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე არსებული მორატორიუმი უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიზიდულობაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მორატორიუმის შედეგად ზარალდება სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც კარგავს უცხოურ ინვესტიციებს და რეალურად იზღუდება სექტორის პროდუქტიულობის ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. არსებული მორატორიუმი ასევე უარყოფითად აისახება სოფლის მეორნეობის სექტორში უკვე არსებულ ზრდის ტენდენციაზე. ვთვლით, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც შიდა ასევე უცხოური ინვესტიციების განხორციელება ყველა სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში და საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

შესაბამისად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ კანონპროექტის განხილვისას დააყენოს საკითხი მორატორიუმის არა ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაუქმების შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას", - აღნიშნულია ახალგაზრდა ეკონომისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები