თავისუფლების ქარტია

შესაძლოა, სტალინის ძეგლის დადგმა ან მისი არაღება 1 000 ლარით დაჯარიმდეს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტმა თავისუფლების ქარტიაში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის მიზანია კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრა. კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ შეიმუშავეს.

კანონის მეშვიდე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება კომისია, რომლის მოვალეობა ასეთ სიმბოლიკაზე ინფორმაციის შეგროვება იქნება.

„კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“. - წერია კანონპროექტში.

ამასთან, ასევე ლევან ბერძენიშვილის და თამარ კორძაიას ინიციატივით, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თუ ზემოთაღნიშნული კომისიის მითითებას არ შეასრულებს, უფლებამოსილი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. 

უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციამ სრულად დაუჭირა მხარი. მისივე შეფასებით, ეს არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთადერთი ყოველმხრივ კარგი საკანონმდებლო ინიციატივა.

"კანონპროექტი განავრცობს თავისუფლების ქარტიით განსაზღვრულ ღონისძიებებს, არეგულირებს ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას და მას, იდეაში, უნდა მოჰყვეს სტალინის ძეგლების აღება. ნაციონალურმა მოძრაობამ ამ კანონის სრული შემადგენლობით და ღიად დაუჭირა მხარი. ჩემს გამოსვლას, რომელშიც მე გავიხსენე ოცნების ლიდერების, მარგველაშვილის თუ პარლამენტის წევრთა სამარცხვინო სტალინისტური გამონათქვამები დიდი ხმაური მოჰყვა. თავიანთ სამარცხვინო გამოსვლებში ნუკრი ქანთარია და ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ცდილობდნენ ნაწილობრივ მაინც დაეცვათ სტალინი და მისი თაყვანისმცემლები. აღშფოთდა დიდი გუბაზ სანიკიძეც (რომელმაც რამდენიმე თვის წინ გვითხრა რომ გაგვაცნობდა სტალინის „ჭეშმარიტ ბუნებას“). კენჭისყრაზე ოცნების სამმა დეპუტატმა პირდაპირ წინააღმდეგ მისცა ხმა. კიდევ თორმეტი დეპუტატი ესწრებოდა და არ დააფიქსირა პოზიცია (რაც დე ფაქტო წინააღმდეგ ხმის მიცემის ტოლფასია)" - დაწერა კანდელაკმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე. მისივე ცნობით, კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა უმრავლესობის წევრებმა გოგი ქავთარაძემ, სოსო ჯაჭვლიანმა და გელა გელაშვილმა. 

კომენტარები