ფარცხალაძის გადადგომა

ღარიბაშვილი: ეს იყო ფარცხალაძის ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის გადადგომასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ფარცხალაძისგან იყო "ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება".

"მე აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მაშინვე განაცხადა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე უფრო მეტად გავრკვეულიყავი დეტალებში. ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და ზოგადად, გაჩნდა კითხვები, მითქმა-მოთქმა, რომ, შესაძლოა, მისი ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი თხოვნა, გადაყენების თაობაზე, დაკმაყოფილებულიყო", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძის ნაბიჯი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთავრობა არასოდეს გააკეთებს იმას, რაც მიუღებეული იქნება პირველ რიგში ხალხისთვის. "ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამას ეფუძნება ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკა. ეს არის დადასტურება, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმიანობას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და ჩვენს ინტერესებშია, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს", - თქვა პრემიერმა. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას ფარცხალაძესთან კონსულტაციები ჰქონდა, ხოლო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ თავად მიიღო. მისივე თქმით, ფარცხალაძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს.

დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ ფარცხალაძემ განცხადება გაავრცელა.

"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.

მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ, გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს",- წერია განცხადებაში.

კომენტარები