ფარცხალაძის გადადგომა

ხიდაშელი: მოსაწონი საქციელია, რომ ბატონმა ოთარმა დაწერა განცხადება და წავიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ოთარ ფარცხალაძის გადადგომა ღირსეული და "მოსაწონი საქციელია".

"ფაცხალაძე ამომწურავად საუბრობს მიზეზებზე, მოტივებზე. ჩემის აზრით, ეს ძალიან ღირსეული საქციელია. იმის მიუხედავად, ფაქტები როგორია, ვინაიდან ეს საკითხი ასე დადგა, მან ჩათვალა, რომ არავის ჩრდილი არ უნდა მიადგეს და იმ საქმეებს, რომელსაც დღეს პროკურატურა იძიებს, ლეგიტიმაციის საფრთხე არ უნდა შეექმნას, თუნდაც ვირტუალური, თუ თეორიული", - თქვა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ეს ძალიან ნორმალური პროცესია. "მიუხედავად იმისა, ჩვენ ამ მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვარკვევდით, ისტერიკაში ვარდებოდნენ აქედან და იქედან სხვადასხვა ადამიანები. ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ საკითხი ბოლომდე იყოს შესწავლილი, გარკვეული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. ამიტომ, მოსაწონი საქციელია, რომ ბატონმა ოთარმა თავისით დაწერა განცხადება და წავიდა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ ფარცხალაძემ განცხადება გაავრცელა.

"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.

მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ, გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს",- წერია განცხადებაში.

კომენტარები