შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

მალაშხია: შერიგების სამინისტროს სახელი საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოა

ნაციონალური მოძრაობის წევრის შოთა მალაშხიას თქმით, რეინტეგრაციის სამინისტროს ახალი სახელწოდება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო - იმ საერთაშორისო სამართალთან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბდა, შეუსაბამოა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარია, ოკუპაციის პირობებში რა შერიგებაზე საუბრობს მთავრობა. მალაშხიას განმარტებით, თუ ოსებთან, აფხაზებთან ან საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ქართველებთან შერიგება იგულისხმება, ამისთვის რეინტეგრაციის სამინისტროში შესაბამისი განყოფილების შექმნა შეიძლებოდა. მისი თქმით, სამოქალაქო თანასწორობა რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებასაც გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ პაატა ზაქარეიშვილმა პრობლემები დაიმატა.

"ჩვენ გვაქვს ერთი სამინისტრო, რომელსაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ასეთ შესაბამისობაში უნდა არსებობდეს რეინტეგრაციის, ანუ ადამიანების და ზოგადად ტერიტორიების სამინისტრო, რომელიც არსებობდა.
ამ სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური დოკუმენტი "ჩართულობა არაღიარებისთვის" და რეალურად გარკვეული იყო, რა პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ დღევანდელ დღეს გაურკვეველია, ოკუპანტთან რა შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი", - თქვა მალაშხიამ.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს 1 იანვრიდან სახელი შეეცვალა. მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში შეიცვალა სახელწოდებით - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ახალი სახელი კონფლიქტებისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებებს მოიცავს.

კომენტარები