სირიის კონფლიქტი

სირიის ოპოზიცია სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას დათანხმდა

სირიის ოპოზიცია ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას დათანხმდა, რომელიც 22 იანვარს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ - ოპოზიციური და რევოლუციური ძალების გაერთიანებამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამავე დროს, კოალიციის მეთაურის აჰმად ჯარბას განცხადებით, ოპოზიცია კვლავაც მიიჩნევს, რომ ასადის რეჟიმი უნდა დასრუდეს და მოლაპარაკებების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების შეცვლა უნდა გახდეს.

აქამდე ოპოზიციონერები ასადის რეჟიმთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდნენ და კონფერენციაში მონაწილეობას მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში თანხმდებოდნენ.

სირიის ოპოზიციის გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და გაეროს გენერალური მდივანი მიესალმნენ. ჯონ კერის განცხადებით, ეს იყო თამამი გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო ომითა და რეჟიმის სისასტიკით დაზარალებული სირიელი ხალხის ინტერესებში შედის. ბან კი მუნის შეფასებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება ისტორიული ნაბიჯია.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, მოლაპარაკებათა მთავარი მიზანი პოლიტიკური პროცესის დაწყებაა, რასაც ძალადობის შეწყვეტა და გარდამავალი მთავრობის ფორმირება უნდა მოჰყვეს.

კომენტარები