შეტაკებები კიევში

კიევში დემონსტრანტებსა და ბერკუტს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება

Reuters


უკრაინის დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმ ბერკუტს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, სამართალდამცველების მხრიდან შტურმი არ განხორციელებულა. ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტების რაოდენობამ იკლო. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე 2 ათასამდე მომიტინგე რჩება.

გასულ ღამეს დემონსტრანტებმა ბერკუტის 8 სატრანსპორტო საშუალება დაწვეს. მათ ასევე ბერკუტისგან თავდასაცავად ბარიკადები აღმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

შეტაკებები მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის, გუშინ, კიევის დროით დღის სამ საათზე დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ოპოზიციის ლიდერების ზედმეტად რბილ პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და გრუშევსკის ქუჩაზე სამთავრობო შენობებისკენ მისასვლელ გზაზე მდგარ ბერკუტის თანამშრომლებს შეუტია. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, დემონსტრანტების შეჩერება ვერ მოხერხდა. აქტივისტები სპეცრაზმელებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.

ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო სიტუაციის განმუხტვის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა, კლიჩკოს განცხადებით, პრეზიდენტი დიალოგისთვის მზადაა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური კომისია შეიქმნება.

ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები