შეტაკებები კიევში

ომბუდსმენი: უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები იზრდება

news.ge

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, ყოველგვარი ძალადობა უნდა დაიგმოს. ომბუდსმენის თქმით, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება.

"მდგომარეობა ნამდვილად რთული და მძიმეა. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა უნდა დაიგმოს და სამშვიდობო ფორმატით უნდა გაგრძელდეს პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის უფლებები, რომლებიც გარანტირებულია უკრაინის კანონნმდებლობით და საერთაშორისო ნორმებით, მაქსიმალურად იყოს დაცული. სამწუხაროდ, ძალადობის ესკალაცია ხდება, რაც არის დაუშვებელი. ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება", - აღნიშნავს ნანუაშვილი.

კიევში შეტაკებების შედეგად, espreso.tv.-ის ინფორმაციით, 4 ადამიანი გარდაიცვალა. ბერკუტი აქციის მონაწილეების მიერ აგებული ბარიკადების დაშლას ჯავშანტექნიკის გამოყენებით ცდილობს. Espresso TV-ის ცნობით, ექიმებს, რომლებიც აქციის მონაწილეებისთვის პირველადი დახმარების გაწევას ცდილობენ, ბერკუტი ფიზიკურად უსწორდება. მათი ინფორმაციით, უკრაინის სპეცრაზმელები დემონსტრანტებს დასდევენ და სადაც ხელში ჩაიგდებენ, ფეხებითა და ხელკეტებით სცემენ. Espresso TV-ის ცნობითვე, დაპირისპირების ეპიცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე, სასტიკად ნაცემი ათობით მოქალაქე უგონო მდგომარეობაში მიწაზე წევს.

კომენტარები