სახელმწიფო ავტოპარკი

ნარმანია: სამინისტრო ავტოპარკიდან მანქანების გაყიდვას არ აპირებს

დავით ნარმანია
RFE/RL

ავტომანქანების შესყიდვის ახალი წესის შემოღება კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ავტოპარკისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ხარჯები რაციონალურად იქნას მიმართული. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კარგია, რომ შემსყიდველ უწყებებს ექნებათ ჩარჩო დოკუმენტი, რომლითაც ისინი საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვებს განახორციელებენ. "ამით თავიდან იქნება აცილებული ის უხერხულობები, რაც რიგ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციებს ედგათ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, სამინისტრო საკუთარი ავტოპარკიდან მანქანების გაყიდვას ამ ეტაპზე არ აპირებს. მისივე თქმით, ავტომობილების ის რაოდენობა, რაც უწყებას გააჩნია, მისი საქმიანობისთვის საჭიროა. ნარმანიას განმარტებით, ყველა მათგანი ახალ წესს და რეგულაციას აკმაყოფილებს.

"ჩვენს სამინისტროს ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება ამ ეტაპზე არ აქვს, არც გაყიდვა არ მოგვიწევს, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მოხდება ოპერატიული და სამსახურებრივი დანიშნულების მანქანების შეძენა, რაც, იგივე წყალმომარაგების კომპანიას, მუნიციპალური განვითარების ფონდს სჭირდება და ეს შესყიდვები ახალი წესის მიხედვით განხორციელდება", - განაცხადა ნარმანიამ. 

კომენტარები