ბიძინა ივანიშვილი

უზენაესმა სასამართლომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა 2011 წელს პრეზიდენტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში; ალექსანდრე ბარამიძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 1-ელი აგვისტოს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით", - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში.

 ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები