რასმუსენის ყოველწლიური ანგარიში

ალასანია: თავდაცვის სამინისტროს შეუძლია, რეფორმები ექსპორტზე გაიტანოს

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს შესაძლებლობა, რეფორმები ექსპორტზე გაიტანოს. ალასანია NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ანგარიშს გამოეხმაურა.

"სწორედ გამჭვირვალობის და სისტემის გახსნის კუთხით ჩაითვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს შესაძლებლობა ექსპორტზე გაიტანოს რეფორმები. ჩვენ მივიღეთ სპეციალური წერილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან და ვაპირებთ, უახლოეს მომავალში უკვე დავიწყოთ სემინარების ჩატარება იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთაც სჭირდებათ ასეთი დახმარება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რეფორმები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა, მზად არის, რომ გავუზიაროთ მას, ვისაც აკლია ეს გამოცდილება", - თქვა ალასანიამ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში 2013 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობაზეა საუბარი და მასში საქართველოც მოხვდა.

"გასულ წელს NATO-მ მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. ესენია ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, მაკედონია და საქართველო. 2013 წელს მათ პროგრესს მიაღწიეს იმ რეფორმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ალიანსის წევრობისთვის ამ ქვეყნებს წინსვლა შემდგომშიც ესაჭიროებათ. კონკრეტული სამუშაოების სფეროები საქართველოსთვის მოიცავს წინსვლის გაგრძელებას სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების მიმართულებით, როგორც ეს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშია მითითებული", - წერია რასმუსენის ანგარიშში.

 

კომენტარები