აფხაზეთის ა/რ

ზაქარეიშვილი: უკონტროლო ტერიტორიებზე ძალიან ხშირად ადამიანები თვითნებობენ

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში Converse-ის მაღაზიის გახსნას გამოეხმაურა. მისი თქმით, უკონტროლო ტერიტორიებზე ძალიან ხშირად ადამიანები თვითნებობენ.

"ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, როდესაც ესა თუ ის პირი მაღაზიას ხსნის ისე, რომ არ არის შეთანხმებული ამა თუ იმ ფირმის ცენტრალურ ოფისთან. ეს ხომ უკონტროლო ტერიტორიაა, საერთაშორისო სამართლის არაღიარებული ტერიტორიები, ამიტომ, ძალიან ხშირად ადამიანები იქ თვითნებობენ და თავისი მოგებიდან გამომდინარე ახორციელებენ აქტივობებს", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, ასე იყო ცოტა ხნის წინ Benetton-თან დაკავშირებით, თუმცა იქაც გაირკვა, რომ მას სათავო ოფისთან საერთო არაფერი ჰქონდა.

"ომის დროს ბევრგან ფრიალებს სხვადასხვა კომპანიის თუ ბრენდის აბრა, მაგრამ ეს არის ფალსიფიცირებული პროდუქტი. მთავარია, კომპანია ამბობს, რომ ეს მისი არაა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და სწორია ამაზე ხმაურის ატეხვა, რათა ამ ყველაფერს პასუხი მოჰყვეს.

კომენტარები