მწვანეთა პარტია

გია გაჩეჩილაძე: მწვანეთა პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ოფიციალურად ტოვებს

radio1.ge

მწვანეთა პარტიის ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა კოლეგებს ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აცნობა და შესაბამისი განცხადებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დავით უსუფაშვილის განმარტებით, მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება სესიაზე რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.

"დღეს მწვანეთა პარტიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტია ოფიციალურად ტოვებს უმრავლესობას", - თქვა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მწვანეთა პარტიამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამდე გააკეთა.

"ჩვენ სწორედ ამ მომენტს ველოდით, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ამ დრომდე პოზიციებს ვინარჩუნებდით. მწვანეთა პარტია იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ პარტიის გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში პრესკონფერენციას გამართავს. 

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ, ნოემბერში განაცხადა და თქვა, რომ მმართველი კოალიციის საპარლამენტო წარმომადგენლობას დეკემბერში დაგეგმილი პარტიული ყრილობის შემდეგ გამოეყოფოდა.

გაჩეჩილაძემ მაშინ აღნიშნა, რომ მწვანეთა პარტია საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ, მმართველი გუნდისთვის ყველა საკითხში ოპონირების და წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს. მისი თქმით, ის ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ ყველა ნაბიჯში მმართველი გუნდის მხარდამჭერი იქნება.

მწვანეთა პარტიის ლიდერმა უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე განცხადება პირველად 2013 წლის აგვისტოში გააკეთა. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მწვანეთა პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტას უკავშირდებოდა.

მწვანეთა პარტია, რომელიც პარლამენტში ერთი დეპუტატით არის წარმოდგენილი, კოალიცია ქართული ოცნების წევრი არ არის. 

კომენტარები