შეტაკებები უკრაინაში

კიევში შეტაკებები განახლდა და მსხვერპლის რაოდენობაც გაიზარდა

კიევში წინა დღეებთან შედარებით მშვიდობიანი ღამის შემდეგ, ქუჩებში შეტაკებები განახლდა, ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. BBC-ის ინფორმაციით, 20 თებერვალს მოკლულია სულ მცირე 17 აქტივისტი, სხვა წყაროები აცხადებენ, რომ მოკლულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს. ჯამში, ბოლო 3 დღის განმავლობაში, 50 ადამიანია დაღუპული. მედიასაშუალებების ცნობით, მათ სნაიპერისგან მიყენებული ჭრილობები აქვთ თავზე, მკერდსა და კისერში. უკრაინული მე-5 არხის ინფორმაციით, ინსტიტუტის ქუჩაზე, რომელიც მაიდანს პრეზიდენტის სასახლესთან და რადასთან აკავშირებს, სროლის ხმა ისმის.

BBC-ის ცნობით, დაწყებულია რადას შენობის ევაკუაცია, დაპირისპირება კი მიმდინარეობს როგორც მაიდნის გარშემო, ისე ინსტიტუტისა და გრუშევსკის ქუჩებზე.

სასტუმრო უკრაინის შენობაში, სადაც მსოფლიო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი ჟურნალისტებიც იმყოფებიან, ევრომაიდნის აქტივისტები არიან შესულები. ისინი სასტუმროს ფოიეს დაჭრილთა დასახმარებლად იყენებენ და თავს აფარებენ.

დაღუპულები სასტუმრო Казацкий-სთან
ფოტო: Украинская правда

BBC-ის ინფორმაციით, ტელეარხის გადამღებმა ჯგუფმა ევრომაიდნის აქტივისტების ხელში დაინახა ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, ტელეარხის განცხადებით, ნასროლი ჰილზებით შეიძლება დასკვნა, რომ სპეცრაზმი კალაშნიკოვს, ან მსგავს ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. ტყვიებს ესვრიან სასტუმრო უკრაინის შენობას, რომელსაც ერთი მხრიდან ინსტიტუტის ქუჩა ესაზღვრება.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც დღეს იანუკოვიჩს უნდა შეხვედროდნენ, უკრაინა ნაადრევად დატოვეს შექმნილი საფრთხის გამო. როგორც მედიასაშუალებები წერენ, მინისტრებს უკრაინა არ დაუტოვებიათ და ისინი შეხვედრას მართავენ უკრაინის პრეზიდენტთან.

კომენტარები