ინციდენტი გარდაბანში

ქართული ოცნება გარდაბნის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მხარდამჭერმა თუ ნებისმიერმა სხვა პირმა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სახელით ისარგებლა და თავისი დესტრუქციული და პროვოკაციული მოქმედებით პარტიის ავტორიტეტსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა.

”ამ ადამიანების ასეთი მოქმედება ბადებს სერიოზულ ეჭვებს - თუ ისინი არიან პარტიის ნამდვილი გულშემატკივრები, რატომ აძლევენ ოპონენტებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინონ.

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება და ანგარიშსწორება კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ პოლიტიკას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ დადგინდა, რომ მომხდარში მონაწილე პირები ნამდვილად პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები არიან, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის უმკაცრეს რეაგირებას”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გარდაბანში ნაციონალური მოძრაობის კონფერენციის დაწყებამდე პარტიის წევრებს ქართული ოცნების ნასვამი აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ტაბულას განუცხადა.

სამართალდამცავებმა გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავეს. 

 

კომენტარები