რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა

ამერიკა რუსეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს

Reuters

3 მარტს, საღამოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა შეწყვიტოს სავაჭრო და სამხედრო მოლაპარაკებები რუსეთთან. პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში შეაფასა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის ქვეშ დაყენების მცდელობა.

გარდა ეკონომიკური და სამხედრო მოლაპარაკებების გაწყვეტისა, რუსეთი სერიოზული რისკის წინაშეა, რომ დაკარგოს წევრობა G8-ში.

ობამამ ასევე განცხადა, რომ უკვე დაწესებული სანქციების გარდა, რომელიც მოიცავს ბილატერალური ვაჭრობის მოლაპარაკებების შეწყვეტას და სამხედრო თანამშრომლობის გაუქმებას რუსეთთან, თუ პუტინის მთავრობა არ შეწყვეტს ზეწოლას უკრაინაზე, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს სხვა სახის ეკონომიკურ და დიპლომატიურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი დადებითად აფასებს ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ სამხედრო ურთიერთობებს, უკრაინის მოვლენების გამო მზად ვართ გავწყვიტოთ ეს თანამშრომლობა რუსეთთან, - აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, ადმირალი ჯონ კირბი.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის პრესსპიკერმაც მსგავსი სახის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დაგეგმილი ბილატერალური სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა რუსეთის მთავრობასთან, რომელსაც უნდა გაეღრმავებინა რუსეთ-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები, შეჩერებულია.

რუსეთის ელჩი გაეროში, ვიტალი ჩურკინი, რუსეთის პოზიციას იცავს და აცხადებს, რომ პუტინის მთავრობა იცავს დემოკრატიულად არჩეულ ლეგიტიმურ მთავრობას.

გარდა ეკონომიკური და სამხედრო სანქციებისა, ამერიკისა და ბრიტანეთის მთავრობებმა გადაწყვიტეს, არ გაგზავნონ სამთავრობო წარმომადგენლები რუსეთის პარაოლიმპიურ თამაშებზე სოჭში.
ბრიტანეთი ამ ეტაპზე თავს იკავებს პირდაპირი ეკონომიკური სანქციების დაწესებისაგან, მაგრამ შეზღუდა ვიზების გაცემა რუს ბიზნესმენებზე, რომლებიც საქმიანი ვიზიტებით სტუმრობენ დიდ ბრიტანეთს.

კომენტარები