დიდი და საყოველთაო მართლმადიდებლური კრება

მართლმადიდებელი ეკლესიები მსოფლიო კრების მოწვევაზე მსჯელობენ

ფანარი - მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია
mospat.ru

6 მარტს, სტამბოლში, წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის კათედრალურ ტაძარში, ფანარში - კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზოდენციაში გაიმართა მართლმადიდებელ ეკლესიათა პირველიერარქებისა და ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლების შეხვედრის პირველი დღე. სინაქსისი მიზნად ისახავს მსოფლიო კრების მოწვევის სამზადისს. კრებას ესწრება კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა თავის მიმართვაში მოუწოდა ყოველ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღარ გადადონ დიდი და საყოველთაო კრების მოწვევა, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ყველასთვის სავალდებულოდ უნდა იქცეს. მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიებს ხშირად მრავალ ეკლესიებად მოიხსენიებენ, მაშინ როცა თანამედროვე სამყაროს გამოწვევები მოითხოვს ეკლესიისგან ერთი ხმით ილაპარაკოს. მსოფლიო პატრიარქი მიიჩნევს, რომ ის აზრთა სხვადასხვაობა და კანონიკური უწესრიგობა, რაც მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებობს, შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მსოფლიო კრების მოწვევით.

მსოფლიო კრება, მართლმადიდებელთა რწმენით, ეკლესიის უმაღლეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოს წარმოადგენს. მასში ყველა მართლმადიდებელი ეკლესია უნდა მონაწილეობდეს. ის უკანასკნელად პირველ ათასწლეულში ჩატარდა. მართლმადიდებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილებები თავისთავად შეუმცდარია, თუმცა მეორე ნაწილი ასე არ ფიქრობს.

მართლმადიდებელი ეკლესიები ვერ თანხმდებიან, რა პრინციპით უნდა მიიღოს კრებამ გადაწყვეტილებები. ხმათა უმრავლესობით თუ კონსენსუსით, - ანუ ყოველი წევრის თანხმობით. მსოფლიო საპატრიარქო მოითხოვს, ერთ ეკლესიას ჰქონდეს ერთი ხმა - ხოლო გადაწყვეტილება კრებამ უმრავლესობით მიიღოს. რუსეთის საპატრიარქო აქცენტს სვამს კონსენსუსის აუცილებლობაზე. თუ გადაწყვეტილება კონსენსუსზეა დაფუძნებული, კრების მონაწილე თითოეულ ეკლესიას ვეტოს უფლება აქვს, რაც არაეფექტურად აქცევს გადაწყვეტილების მიღებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე კრების გადაწყვეტილება ძალაში არ შევა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დავაში მოსკოვის საპატრიარქოს ემხრობა და აქცენტს კონსენსუსზე სვამს.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამ წარმომადგენლობით შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო კრებები ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების მიზნით იმართებოდა, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაგვარია, კერძოდ, აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა:

"ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებელია, დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი განიხილოს და კონსენსუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსენსუსით; ამას გარდა, აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები", - აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები