ზურაბ ჟვანიას საქმე

გოგორიშვილი: გავრცელებული ფოტოები ჟვანიას საქმის მასალებში დევს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც Youtube-ზე გუშინ გავრცელდა და გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟს ასახავს.

გოგორიშვილი ამბობს, რომ მას ეს ფოტოები ნანახი აქვს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ფოტოები ჟვანიას საქმის მასალებში დევს.

„ეს ფოტოები, რა თქმა უნდა, წითელი რგოლების გარეშე, დევს საქმეში, რომელიც ნანახი მაქვს მის მეუღლესთან ერთად პროკურატურაში, როდესაც გავეცანით საქმის მასალებს. პროკურატურის მასალებზე ნამდვილად არავის მიუწვდება ხელი პროკურატურის გარდა. პროზექტურაში პროცედურას თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. იქ ვიყავი, როდესაც ზურას გაკვეთა ხდებოდა და ზუსტად ვიცი ყველაფერი, რა გაკეთდა პროზექტურაში.

ყველას მოვუწოდებ, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ და პირველ რიგში პროკურატურამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ამ საქმეს“, -აცხადებს დეპუტატი.

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania(სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

კომენტარები