ზურაბ ჟვანიას საქმე

კახიძე ჟვანიას საქმეზე: კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ქართული ოცნების ცილისწამებას

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება უსაფუძვლოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმით. კახიძე ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ზურაბ ჟანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დასრულდა და კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ქართული ოცნების ცილისწამებასა და მიცვალებულის სახელით მანიპულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩაჩუა უდანაშაულო იყო და მის მიერ შედგენილი დასკვნა აბსოლუტურად სწორი. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი, ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალებით. ეს არის ხელისუფლების ჩვეულებრივი სტილი. გაგახსენებთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალეს. სანდრა რულოვსის მიმართ ბრალდებებს, რომ ის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ეს არის ხელისუფლების სახე და სტილი და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს", - ამბობს კახიძე.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო. 

ყოფილი პრემიერის საქმის ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა, შესაბამისად, მცდარი იყო მაშინდელი დასკვნა, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.

ჩაჩუა აღნიშნულ პერიოდში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი იყო.

ლევან ჩაჩუას რვა თვის მანძილზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2014 წლის ნოემბერში, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. ბრალდების მტკიცებულებები სამივე ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრემიერისა და უსუპოვის გარდაცვალება მხუთავმა აირმა გამოიწვია.

კომენტარები