გურამ ოდიშარია

ოდიშარია: ივანიშვილის შეფასებას ვეთანხმები

გურამ ოდიშარია
primetimenews.ge

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ივანიშვილმა მასთან დაკავშირებით გააკეთა. ყოფილი პრემიერის თქმით, „კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში“. ოდიშარია საპასუხო წერილს Facebook-ში ავრცელებს. მინისტრი  წერს, რომ ივანიშვილის შეფასებებს ეთანხმება.

„მე შემიძლია, გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში“, - ასე ამბობდა წუხელ ჩემზე ბატონი ბიძინა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები.

„კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები „ძალიან კარგ“ და „კარგ“ მინისტრებად, ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას.“ ... კვლავ ვეთანხმები ბატონ ბიძინას.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან გულწრფელი“ - ეს ჩემზე თქვა. მადლობას მოვახსენებ, ნეტავ, მართლა ასეთი ვიყო...

მან განაგრძო - „მაგრამ ეს არ ყოფნის ყველაფერ იმას, რომ იყო პროფესიონალი და კარგად გამოგივიდეს ყველაფერი. აკლია მას გამოცდილება, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა“. 
ეს ასეც არის ხოლმე. ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას ვჭოჭმანობ, რაც ალბათ, მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის „შეუფერებელია“.

ცხოვრებისეულმა ბევრმა ტკივილმა ადამიანებისადმი ფაქიზი ურთიერთობები დამავალა (მოეპყარი სხვას ისე, როგორც გინდა, შენ მოგეპყრონ). თუმცა მათი გაფრთხილების გამოცდილება და სახელმწიფო მოხელის მტკიცე, დროული გადაწყვეტილების უნარი ხანდახან მართლაც მაგდებს წინააღმდეგობაში“, - წერს ოდიშარია.

როგორც მინისტრი აცხადებს, აპირებს სამინისტროში მისი საქმიანობის შესახებ ჩანაწერები გამოაქვეყნოს, სადაც აღნიშნავს, სად დაუშვა შეცდომა და როდის იყო საკუთარი გადაწყვეტილებებით კმაყოფილი.

„უკანასკნელი ორი-სამი წლის საქართველოზე (მოგვიანებით) რომანის დაწერას ვაპირებდი (დოკუმენტურ-მხატვრულის, ავტობიოგრაფიულის). მაგრამ ვატყობ ჩემს გარშემო მეტად უცნაური სიტუაცია შეიქმნა - ათასი ჭორ-მართალი ირევა პრესაშიც, ტელევიზიებშიც, რადიოში, ფეისბუქზეც, ცილისწამება, შავი პიარი...

ბოლო წლების ჩანაწერები თავზე საყრელად მაქვს. მოკლედ, ჩემს ხელობას ვუხმე და აი, ფეისბუქ-ცნობების (რაღაც დღიურისმაგვარის) წერა დავიწყე.

ფაქტია, სათქმელი დამიგროვდა. დამიგროვდა და მინდა გაგიზიაროთ. შევეცდები (თითქმის ყოველდღე) აღვწერო რა ამბები, რაც გადამხდა ჩემი სამინისტროში მუშაობისას, სად დავუშვი შეცდომა და როდის ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი. რა თქმა უნდა, იმ თემებზეც ვისაუბრებ, რაც საზოგადოებისთვის კულისებსმიღმურია“, - წერს ოდიშარია.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მკითხველების კითხვებსაც უპასუხებს. „მომდევნო თემის სახელწოდება ასეთია - „საყდრისი“, - აცხადებს ოდიშარია.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია "გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას". ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა პოლიტიკის დროში ისაუბრა.

“მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში. კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები “ძალიან კარგად” და “კარგად”. ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები