ზურაბ ჟვანიას საქმე

მურთაზ ზოდელავა: ჟვანიას საქმეში გარკვეული დელიკატური მომენტები იყო

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. მან კომენტარი გააკეთა პროკურატურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში საქმისგან განცალკავებით, სეიფში აღმოაჩინეს.

"ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. უნდა აღინიშნოს, რომ ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში. ეს იყო, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, აქ იყო ფოტო და ვიდეომასალა არა მარტო შემთხვევის ადგილზე გადაღებული, არამედ შემდგომ სამედიცინო ექსპერტიზის და სხვა პროცედურების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. თითქმის წელიწად-ნახევრის წინ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტი, ასევე, ბუნებრივია, ეს სეიფი და მასალები გადაეცა ახალ მთავარ პროკურორს", - აცხადებს ზოდელავა.

მისივე თქმით, აბსურდია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჟვანიას საქმეზე არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას „დაანგრევდა“ და ეს მტკიცებულებები გამოძიებას ჰქონდა.

„თითქოს ჩვენ გვქონდა გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაანგრევდა არსებულ ვერსიას გამოძიებისას - ეს არის აბსურდი. თუ არსებობდა გამოძიების ვერსიის დამანგრეველი მტკიცებულებები, მე ჩავდებდი ამას სისხლის სამართლის საქმეში და დავტოვებდი სეიფში, დავუტოვებდი არჩილ კბილაშვილს?“, - აცხადებს ზოდელავა.

ყოფილ მთავარ პროკურორს გუშინ Youtube-ზე გავრცელებული ფოტოკოლაჟის გამო კითხავენ.

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნული ფოტომასალის გავრცელებას გამოეხმაურა. პროკურატურის ინფორმაციით, მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას.

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ. ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები