ზურაბ ჟვანიას საქმე

კვირიკაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაზე ეჭვი გამიძლიერდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, YOUTUBE-ზე გავრცელებულმა ფოტოკოლაჟმა გაუძლიერა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია სიმართლესთან ახლოს არ დგას. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში განუცხადა, სადაც საქართველო-სომხეთის ერთობლივი სავაჭრო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

"ერთადერთი, ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მძიმე კადრები იყო. რა თქმა უნდა, მანამდეც ყველას გვქონდა გარკვეული ეჭვი, რომ ოფიციალური ვერსია არ იყო სიმართლესთან ახლოს და ამ კადრებმა ჩემში პირადად ასეთი ეჭვი გააძლიერა. თუმცა, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაადგენს, და დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, თუ რა იყო სიმართლე", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა.

კომენტარები