ზურაბ ჟვანიას საქმე

საია: რა იცის პრემიერმა, რომ „ეს იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები"?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აუცილებელია, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მაღალ პროფესიულ დონეზე, ობიექტურად, საქმის პოლიტიზების, პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების და გამოძიების უახლოეს დღეებში დასრულების მრავალჯერადად დაანონსების გარეშე წარიმართოს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება შეუიარაღებელი თვალით, სერიოზული დაზიანებები, რაც ჩემი ინფორმაციით, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები". პრემიერმა 20 მარტის მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო-საექსპერტო ბიუროებთან, რათა მოხდეს გვამების ექსჰუმაცია. ამასთან დაკავშირებით, საიას განცხადებით, ჩნდება კითხვა: თუ გამოძიება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გვამების ექსჰუმაცია აუცილებელია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს პრემიერი, რომ „ეს იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები".

საია კითხულობს, ვინ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილს ეს ინფორმაცია და თუ ეს გამოძიების ოფიციალური ვერსიაა, პრემიერმინისტრამდე რატომ არ განაცხადა გამოძიებამ.

„ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრი, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, პერიოდულად ისმენს მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ასევე არ არის გათვალისწინებული პრემიერმინისტრისათვის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესოა და საზოგადოებას უნდა მიეცეს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიეწოდა პრემიერმინისტრს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით“ - აცხადებს საია და დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ "საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში" და მოუწოდებს პროკურატურას გამოიყენოს ყველა ძალისხმევა, რომ აღნიშნული საქმე დროულად, ეფექტურად და მაღალ პროფესიულ დონეზე იქნეს გამოძიებული.

საიას შეფასებითვე, სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმის მასალების სათანადოდ შენახვა, რის გამოც დაუდგენელმა პირმა ფოტომასალა ინტერნეტში გაავრცელა. საიას შეფასებით, ეს გარემოება გამოძიებას საჭიროებს.

„თუ ეს ფოტოები ავთენტურია და მათზე მართლაც არის აღბეჭდილი ის დაზიანებები, რაც წლების წინ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ასახული, ცხადია, ჩნდება დამატებითი კითხვები როგორც ექსპერტების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პროკურატურას ლ. ჩაჩუას მიმართ გაუჩნდა კითხვები და ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყო. თუმცა, საინტერესოა, კონკრეტულად როდის დაიწყო გამოძიება, დაუდგენელი პირის მიერ აღნიშნული ფოტოების ინტერნეტში განთავსების შემდეგ თუ მანამდე? ასევე, გაუგებარი რჩება რატომ დასჭირდა პროკურატურას ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე 1 წელზე მეტი დრო იმის გასარკვევად, რომ 2012 წელს ყოფილი მთავარი პროკურორის სეიფში აღმოჩენილი მასალა ექსპერტიზის დასკვნაში ასახული არ იყო?“ - კითხულობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და აღნიშნავს, რომ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიასთვის წარდგენილი ბრალდებით ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასულად არ ითვლება.

„2005 წელს აღნიშნული დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა იყო 6 წელი. თუმცა, 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა 6-დან 15 წლამდე გაიზარდა. ვინაიდან ქმედების სავარაუდოდ ჩადენიდან კანონის შეცვლამდე გასული იყო ერთი და არა ექვსი წელი სრულად, ბრალდებულების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ანუ ხანდაზმულობის ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულ მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც 2009 წლის 13 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: "როცა კანონმდებელი ისე ზრდის ხანდაზმულობის ვადებს, როდესაც ჯერ არ ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობა, ეს შემთხვევა არ შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად. იგი არ მოდის წინააღმდეგობაში კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპთან და შესაბამისად, არც სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში არ მოიაზრება. მართალია, ამ შემთხვევაშიც პირის უფლებრივი სფერო განიცდის გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას იმით, რომ მის მიმართ ხანგრძლივდება სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ეს ნორმატიული სინამდვილე მართლდება სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესებით".

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა.

კომენტარები