ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი დავით დაღელაშვილი დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. დაღელაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იყო. დაკითხვაზე შესვლის წინ დაღელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენება ერთხელ უკვე მიცემული აქვს.

„მოწმის სახით უნდა დამკითხონ. ამ თემასთან დაკავშირებით თავის დროზე როდესაც პროკურატურაში დაკითხვა მიმდინარეობდა, ჩვენება მიცემული მაქვს. ვაპირებ, ისევ მივცე ჩვენება რეალობის შესახებ, რაც იმ დღეს მოხდა. იმედი მაქვს, ჩემი დაბარება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკურ მოღვაწეობასთან კავშირში არ არის“, - განაცხადა დაღელაშვილმა.

დაღელაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მეუღლეა. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა.

"2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ. ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერმინისტრი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ამავდროულად, მიხეილ ძაძამიამ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად, არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ. ზემოაღნიშნულით, მ. ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუაც დააკავა. ამის შესახებ გუშინ ღამით გახდა ცნობილი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 03 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ.ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები