ზურაბ ჟვანიას საქმე

ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი დაკითხეს

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხეს. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თემურ დოლიძე აცხადებს, რომ მერაბიშვილმა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ გაიხსენა. დოლიძის თქმით, მერაბიშვილმა განმარტა,რომ  2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრფინგის დროს, მან ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა მხოლოდ იმის გამო დაასახელა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე თავად იყო მისული, სადაც ნამწვის სუნი იგრძნობოდა.

"2005 წლის 3 თებერვალს მერაბიშვილმა პირველმა ამცნო საზოგადოებას პრემიერმინისტრის გარდაცვალება და საგანგებო ბრიფინგზე მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზი, რომ ეს იყო ბუნებრივი აირით მოწამვლით გამოწვეული. ბრიფინგი დილის  08.38 საათზე გაიმართა. არადა, ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა, არათუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევა დაწყებულიც კი არ ყოფილა. ექსპერტიზის ჩატარება 09.00 საათზე დაიწყო, - აცხადებს  დოლიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე  სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა გამორიცხული არ არის.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა.

"2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ. ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერმინისტრი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ამავდროულად, მიხეილ ძაძამიამ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად, არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ. ზემოაღნიშნულით, მ. ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუაც დააკავა. ამის შესახებ გუშინ ღამით გახდა ცნობილი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 03 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ.ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები