ზურაბ ჟვანიას საქმე

რატიანი: ექსპერტიზის ჩასატარებლად საეჭვო რეპუტაციის კომპანიის შერჩევა უნდათ

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ფალსიფიცირება გადაწყვეტილი აქვს.

”მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ექსპერტიზის ჩასატარებლად საეჭვო რეპუტაციის კომპანიის შერჩევა უნდათ”, - აღნიშნავს რატიანი.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პროცესის გამჭვირვალობას ნდობის ჯგუფის შექმნა უზრუნველყოფდა.

”პრემიერისთვის მგელია ყველა, ვინც ჟვანიას საქმის ფალსიფიცირებაში ხელს შეუშლის. მგლად გადაიქცნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, აგრეთვე პოლიტიკური ორგანიზაციები. მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ექსპერტიზის ჩასატარებლად საეჭვო რეპუტაციის კომპანიის შერჩევა უნდათ. როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტილი აქვთ ამ საქმის ფალსიფიცირება. ნდობის ჯგუფი უზრუნველყოფდა გამოძიების გამჭვირვალე პროცესს", - აცხადებს რატიანი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცინიზმი უწოდა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფი შეიქმნას. მისი თქმით, "არანაირი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება და, მით უმეტეს, ნაციონალების მონაწილეობით".

"რეალისტური კი არა, არ ვიცი, ეს ცინიზმის როგორი გამოხატულებაა. როგორ შეიძლება იმ ადამიანებს შეუქმნა ნდობის ჯგუფი, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ხელში იყო გამოძიება, მათ ხელში იყო ყველაფერი და თუ გამოძიება უნდოდათ რეალურად, გამოეძიებინათ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ცხვრის ფარას დაუყენო მწყემსად მგელი. ასეთ შეფასებას გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, არანაირი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება და, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ნაციონალების მონაწილეობით. ეს არის სრული აბსურდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ მოითხოვა. უმცირესობის დეპუტატის გივი თარგამაძის თქმით, იმისათვის, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო საზოგადოებაში არსებული სპეკულაცია დასრულდეს, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალური ნდობის ჯგუფი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები შევლენ.

"ამ მიზნით, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი უნდა გაეცნოს როგორც თავდაპირველი, ასევე ხელახალი გამოძიების ყველა მასალას. ამავე ჯგუფს უნდა გაეცნოს აქამდე არგასაჯაროებული ყველა მასალა, ამერიკის საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს ყველა დასკვნის ჩათვლით. ამავე ჯგუფს გამოძიებაში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის სრული ვიდეომასალა გაეცნოს, ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ, საქმეზე დაკავებულ პირებს შეხვდნენ, რათა მათზე ზეწოლა გამოირიცხოს. ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ექსჰუმაცია, განხორციელდეს ამ ჯგუფის სრული ინფორმირებით, სრული ფიქსაციით ვიდეო და აუდიო მატარებლებზე, რათა გამოირიცხოს ფაბრიკაციის შესაძლებლობები ხელახალი ექსპერტიზისა და ექსჰუმაციისას. ყველა ხელახალი ექსპერტიზა საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს მთავრობის ზეწოლა ხელახალ ექსპერტიზაზე", - განაცხადა თარგამაძემ.

 

კომენტარები