თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

არასამთავრობოები: დეპუტატზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს უკიდურეს შემაშფოთლად მიიჩნევს. მათი განცხადებით, დაუშვებელია, ძალადობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, სამართლიანი არჩევნების, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთობლივ განცხადებაში წერია, პარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხოციელების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.

"საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და საკვანძო როლს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით. ცხადია, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ ფუნქციას პარლამენტი ეფექტიანად ვერ შეასრულებს, თუ მისი წევრები არ იქნებიან დაცული ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი გააჩნდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა. მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით" - აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გუშინ გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები