თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

უსუფაშვილი: წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიებაში გარკვეული პროგრესი არის

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების საქმეში პროგრესი არის. როგორც უსუფაშვილმა ტელეიმედის გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებით ბოლოს დაახლოებით ათი დღის წინ დაინტერესდა. 

"დაახლოებით ათი დღის წინ მე კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ საქმით. რეგულარულად ვინტერესდები. პროგრესი არის, მაგრამ არა გადამწყვეტი, მე ვერ ვიტყვი, რომ საქმის გახსნამდე ცოტაღაა დარჩენილი, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული პროგრესი არის. ეს არ არის ის კონდიცია, რომ ვთქვათ, ცოტაა დარჩენილი საქმის გახსნამდე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

მაშინ, დავით უსუფაშვილმა ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროული გამოძიება მოითხოვა.

კომენტარები